Wednesday, 11 November 2009

ზემო ბეთლემი


ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი (ბეთლემის აღმ. № 15) XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ამ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია თბილისელ სომხებს XV ს.-ში აუგიათ. XVIII ს.-ში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740-იან წწ. გივი ამილახვარმაც გაიღო. ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.

ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული. გუმბათი აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. მკვეთრად წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ბურჯების კიდევ ერთი წყვილია. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთის კარისკენ სუბსტრუქციაზე მიშენებული კიბე მიემართებოდა, მაგრამ დღეს იგი მონგრეულია და ამიტომ მოქმედი მხოლოდ დასავლეთის კარია. აგურით ნაგები ეკლესიის ფასადებზე XIX საუკუნის რესტავრაციის შემდეგ ქვის კვადრები გაჩნდა. ყვითელი ქვის პერანგითაა შემოსილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, გუმბათი. კარნიზები ქვისაა; შერეული წყობაა სამხრეთ ფასადზეც.

ტაძრის ფასადებიდან ყველაზე მეტად ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხარეები გამოიყოფა. ჩრდილოეთით ზოგიერთ სარკმელს დაბალ რელიეფში შესრულებული ორნამენტული საპირე შემოუყვება, აქვე მოცემულია სერაფიმთა რელიეფური გამოსახულებები. გუმბათზე, ამავე მხარეს, მიჯაჭვული ლომის გორელიეფური ფიგურაა მოცემული. აღმოსავლეთით საკურთხევლის სარკმელს ჩუქურთმიანი საპირე შემოუყვება, მის ქვემოთ კი სწორკუთხა შეღრმავებაში ასევე ორნამენტით შემკული ლილვი გამოიყოფა. პასტოფორიუმების სარკმლების საპირეები სადაა, თუმცა მათ ქვემოთ განედლებული ჯვრის გამოსახულებიანი ფილებია ჩასმული. ასეთივე ჯვარია მოცემული ფრონტონის კეხის ქვეშაც. შედარებით სადადაა გადაწყვეტილი დასავლეთ ფასადი. ფრონტონთან აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია გამოყვანილი. სამხრეთის-კლდის მომიჯნავე ფასადი სრულიად შეუმკობია. ყრუ კედელზე ერთადერთი სარკმლის ღიობი აღმოსავლეთითაა გაჭრილი. ეზოში, აღმოსავლეთ კუთხეში XVII საუკუნის, თაღებით გახსნილი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული აგურისაა, მესამე ქვისაა და ახლად დაშენებული.

No comments:

Post a Comment