Wednesday, 11 November 2009
ქვემო ბეთლემი
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ბეთლემის აღმ. № 3) 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმ. სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
„ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართე, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე - ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment